ერთი წლის წინ კონტენტ კრეატორობას საერთოდ არ ვგეგმავდი.
უბრალოდ ვცდილობდი, კვირა როგორმე გადამეტანა.
.png&w=4096&q=75)
წესით, აქ არ უნდა ვყოფილიყავი.
მოდი, გულწრფელი ვიქნები. ერთი წლის წინ კონტენტ კრეატორობას საერთოდ არ ვგეგმავდი. უბრალოდ ვცდილობდი, კვირა როგორმე გადამეტანებინა.
მე ანამარია ვარ. 25 წლის, ვცხოვრობ რუსთავში ჩემს ქმართან და სამ კატასთან ერთად და სულ ცოტა ხნის წინ, ჩემი ცხოვრება სრულიად ჩვეულებრივი იყო. შესაძლოა მოსაწყენიც კი, გააჩნია ვის ჰკითხავ.
უნივერსიტეტში პედაგოგიურ ფაკულტეტზე ჩავაბარე, რადგან ეს ყველაზე პასუხისმგებლიან ნაბიჯად ჩანდა. განათლების სფერო უსაფრთხო იყო. პატივსაცემი. ისეთი გზა, რომელსაც ეჭვქვეშ არავინ აყენებს. სადღაც შუა გზაში მივხვდი, რომ ისეთ ცხოვრებას ვთამაშობდი, რომელიც ჩემი არ იყო და უნივერსიტეტი მივატოვე. ჩემთვის ეს არ იყო ისეთი დრამატული ნაბიჯი, როგორც ჟღერს. უბრალოდ მივხვდი, რომ ეს ჩემი ცხოვრება არ იყო. ეს მე არ ვიყავი.
მერე დაიწყო ჩვეულებრივი სამსახურები. ჯერ ზოომაღაზია. მოგვიანებით ქოლ-ცენტრი, სადაც დომოფონების კომპანიის ოპერატორად ვმუშაობდი. თუ ქოლ-ცენტრში არასდროს გიმუშავია, მოკლედ აგიხსნი: ერთი და იგივე პრობლემებს ისევ და ისევ პასუხობ, ცვლა მთელ დღეს გიჭამს და სახლში დაბრუნებულს ენერგია მხოლოდ რამის მომზადებაზე, ცოტა სქროლვაზე და ძილზე გყოფნის. კვირაში 40 საათი. ხანდახან მეტიც. სხვა რაღაცებისთვის კი თითქმის აღარაფერი გრჩება.
ხშირად ვფიქრობდი ამის მათემატიკაზე. 40 საათი სამსახური. ძილი. საჭმლის მომზადება. ძალების აღდგენა. ჩემი ნამდვილი ცხოვრება სადღა უნდა ჩატეულიყო?
ივნისი 2025.
თუ გგონია, რომ ახლა წაიკითხავ როგორ დრამატულად წამოვედი სამსახურიდან, არა - ასეთ ისტორიებს მხოლოდ ფილმებში გაიგებ.
ბევრ მოკლე ვიდეოს ვუყურებდი და ერთი რამ შევნიშნე. საგანმანათლებლო ვიდეოების უმეტესობა ან მოსაწყენი ლექციები იყო, ან სიკვდილამდე გაპრიალებული, უსულო პროდუქტი. საქართველოში ამ ნიშაში იყო სიცარიელე. არავინ აკეთებდა საგანმანათლებლო კონტენტს, რომელიც კინემატოგრაფიული, ემოციური და ცოტათი იდუმალიც იქნებოდა. ისეთი, როგორც კარგი დოკუმენტური ფილმი, ოღონდ 60 წამში.
ასე რომ, 2025 წლის ივნისში ჩემი პირველი ვიდეო დავდე. რაზე იყო, გულწრფელად რომ გითხრა, არც მახსოვს. რაღაც ისტორია ტუჩსაცხზე. iPhone-ით გადავიღე, უკანა კამერით, ფანჯარასთან წიგნების დასტაზე მიყუდებული ბუნებრივი განათებით. არანაირი შტატივი. არანაირი მიკროფონი. ხმა ტელეფონის დიქტოფონით ჩავიწერე და მერე CapCut-ში დავასინქრონე, რასაც ჩემით ვსწავლობდი, ცდისა და შეცდომის მეთოდით.
არაფერი განსაკუთრებული. მინდა, ეს გასაგები იყოს. იმ თვეში ჩემს ბინაში რომ შემოგეხედა, დაინახავდი ქალს, რომელიც კულინარიული წიგნების დასტაზე შემოდებულ ტელეფონს ელაპარაკება. ეს იყო მთელი ჩემი გადასაღები მოედანი.
რა მოხდა შემდეგ.
ვიდეოების დადებას ვაგრძელებდი. ზოგმა წაიღო. ზოგმა კი არა. ფორმულა ჯერ არ მქონდა. უბრალოდ ვაგრძელებდი მათ კეთებას.
ნელ-ნელა რაღაცები დალაგდა. მივხვდი, რომ ვიდეოს პირველი სამი წამი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მომდევნო სამოცი ერთად. სუბტიტრები არჩევითი არ არის. ფონური მუსიკა იმ ემოციურ საქმეს აკეთებს, რასაც სიტყვები ვერ ახერხებენ. მარტივი კადრები ჯობია მყვირალა ტრანზიშენებს. ვიდეოს ატმოსფერო უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბიუჯეტი. ეს ყველაფერი იმით გავიგე, რომ ჯერ არასწორად ვაკეთებდი.
ამ ყველაფრით დავიწყე იმის ჩამოყალიბება, რასაც ახლა ანამარიას ბრენდს წარმოადგენს: წითელი ტუჩსაცხი. ფრანგული ბობი. მუქი, ოდნავ იდუმალი ესთეტიკა. ატმოსფერული მუსიკა. როგორ ველაპარაკები კამერას და B-roll კადრები. ამ სტილის ჩამოყალიბებას თავიდან არ ვგეგმავდი. უბრალოდ ვიცოდი, რომ ესთეთიური იყო. როდესაც აღვიქვი, რომ ჩემი სტილი გამიჩნდა, ხალხი უკვე ამით მცნობდა.
რამდენიმე თვეში რაღაც შეიცვალა. ვიდეოებმა სტაბილურად კარგი შედეგების მოტანა დაიწყო. TikTok ანგარიშმა ათასობით გამომწერს გადააჭარბა, მერე ათიათასობითს. Facebook-იც აჰყვა. შემდეგ Instagram-იც. ახლა, როცა ამას ვწერ, რიცხვები დაახლოებით ასეთია: საერთო ჯამში 100 ათასი გამომწერი ყველა ფლატფორმაზე. ამისთვის 1 წელიც არ დამჭირდა. ყველაფერი ორგანულად. არანაირი რეკლამა. არანაირი ბიუჯეტი. არანაირი გუნდი.
ბრენდები.
პირველი ბრენდი რომ დამიკავშირდა, ლამის არ დავიჯერე. მანამდე ბრენდებისთვის მიწერის მეშინოდა, რადგან თავს “არასაკმარისად დიდად” ვთვლიდი. მერე მათ მომწერეს. მერე სხვებმაც. მერე ფასიანი პრომოუშენები სტაბილურად მოდიოდა ჩემს ინბოქსში და სადღაც მანდ მივხვდი, რომ ეს უკვე ჰობი აღარ იყო.
საბოლოოდ ბრენდებთან კომუნიკაციისთვის მენეჯერი ავიყვანე, რაც ძალიან უცნაური იყო. 25 წლის ვარ და მენეჯერი მყავს. ოქეი.
როცა კონტენტიდან შემოსავალი ჩემს ქოლ-ცენტრის ხელფასზე უფრო საიმედო გახდა, ქოლ-ცენტრიდან წამოვედი. მოგატყუებ თუ გეტყვი, რომ ეს საშიში არ იყო. სტაბილური ხელფასის დატოვება იმის გამო, რაც დამოკიდებულია ალგორითმზე, ნორმალური ფინანსური გადაწყვეტილება არ არის. მაგრამ ეს ერთ-ერთი საუკეთესო ნაბიჯია, რაც ოდესმე გადამიდგამს და გეტყვი რატომ. მან დამიბრუნა ჩემი დრო. ჩემი გრაფიკი. ჩემი კრეატიული კონტროლი. ის, რაც მაკლდა იმ 40-საათიანი კვირების განმავლობაში.
ინგლისური ექსპერიმენტი.
მქონდა ერთი აბეზარი კითხვა, რომელსაც ვერ ვიშორებდი. იყო ეს ყველაფერი რეალური? მართლა მივხვდი რაღაცას, თუ უბრალოდ პატარა ბაზარზე გამიმართლა?
ამიტომ, ამის გასაგებად, მეორე ანგარიში გავაკეთე ინგლისურად. აუდიტორიის გარეშე. ცივი სტარტი. იგივე მიდგომა.
ვიდეოებმა ეგრევე გაისროლა. რამდენიმე მათგანმა პირველივე კვირებში 10k-დან 50k-მდე ნახვა დააგროვა. ერთ-ერთი 3.5-დან 4 მილიონამდე ნახვაზე ავიდა. სრულიად ახალი ანგარიშიდან, ენაზე, რომელიც ჩემი მშობლიურიც კი არ იყო.
სწორედ ამ მომენტში მივხვდი, რომ ეს უბრალოდ გამართლება აღარ იყო.
სინამდვილეში რისი მჯერა.
ვიცი, ადამიანების უმეტესობა კონტენტის შექმნას ზედმეტი ფიქრით აფუჭებს, განსაკუთრებით ეს ეხება მოკლე ფორმატს. ისინი ელოდებიან, რომ იყიდონ სწორი კამერა. სწორი განათება. სწორი მიკროფონი. ამასობაში კი ვიღაც უარესი ტექნიკითა და ნაკლები ცოდნით ყოველდღე დებს ვიდეოს და სარეკლამო ფულზე ცხობრობს.
ასევე ვიცი ის, რომ ონლაინ სივრცეში ერთადერთი ვალუტა ყურადღებაა და სწორი სისტემის გამოყენებით შეძლებ მის მოპოვებას. ვიცი, რომ ყველაზე კინემატოგრაფიულ, ძვირადღირებულ კონტენტს ცუდი შედეგები აქვს, რადგან თუ საინტერესო არ არის, არც არავინ ნახავს.
მჯერა, რომ მონტაჟის პროგრამის სწავლას ერთ კვირაში შეძლებ, თუ მასზე ათასობით ტუტორიალის ყურებას შეწყვეტ და შენი კონტენტის დასამუშავებლად ღილაკებზე ხელის დაჭერას დაიწყებ. ვიცი, რომ AI შესანიშნავი ინსტრუმენტია კვლევის შავი ვერსიის გასაკეთებლად და საშინელია საბოლოო ტექსტის დასაწერად. ყველა წყარო უნდა გადაამოწმო, რასაც AI გაძლევს. ვიცი, რომ ბუნებრივი განათებისა და 1000 დოლარიანი განათების შორის მაყურებელი აირჩევს საინტერესო ამბავს.
“დღეს დადებული კარგი ჯობს სამ თვეში დადებულ 'იდეალურს'.
”
რატომ ვაკეთებ ამას.
აქ იმისთვის არ ვარ, რომ TikTok-ზე გამდიდრების ოცნება მოგყიდო. აქ იმიტომ ვარ, რომ რეალური სისტემა გასწავლო. ძალიან ვღიზიანდები, როდესაც ვუყურებ რამდენი ყალბი რჩევა არსებობს კონტენტ კრეატორებისთვის.
თუ ამას კითხულობ და შენი ცხოვრება ისე გამოიყურება, როგორც ჩემი 2025 წლის დასაწყისში — ჩვეულებრივი სამსახური, არანაირი გეგმა, ბუნდოვანი ინტერესი რაღაცის შექმნის მიმართ — მინდა ყველაზე მოსაწყენი სიმართლე გითხრა. შენ არ გჭირდება ნებართვა. არ გჭირდება ტექნიკა. არ გჭირდება სტრატეგია. შენ გჭირდება დადო პირველი ვიდეო და გააგრძელო კეთება, სანამ სხვები ჯერ კიდევ იკვლევენ.
ეს ის ნაწილია, რომელსაც არავინ გეუბნება, რადგან გასაყიდად საკმარისად ამაღელვებელი არ არის. მაგრამ სწორედ ამ ნაწილმა იმუშავა რეალურად.